მორიგი უფასო სამედიცინო გამოკვლევების აქცია ქედაში

12 მაისი

  აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური საკითხთა კომიტეტის ეგიდით, ქედის მუნიციპალიტეტის მოსახლეობისთვის,  უფასო სამედიცინო გამოკვლევების მორიგი აქცია ჩატარდა.

 -აჭარის უმაღლესი საბჭოს ეგიდით, ჩვენი რეგიონის სხვადასხვა მუნიციპალიტეტში, პერმანენტულად ტარდება მოსახლეობის უფასო სამედიცინო გამოკვლევები.  ქედის მინიციპალიტეტის მოსახლეობას დავპირდით, რომ მორიგ აქციას საზაფხულო იალაღებზე გამგზავრებამდე მოვუწყობდით და ამჯერად თბილისის ინგოროყვას სახელობის კლინიკისა და სამედიცინო კორპორაცია „ევექსის“ აჭარის რეგიონული კლინიკის 13 სხვადასხვა პროფილის ექიმი მოვიწვიეთ, - აღნიშნა უმაღლესი საბჭოს ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ნუგზარ სურმანიძემ.

     სამედიცინო კვლევების პარალელურად,  ნუგზარ სურმანიძე, უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე მერაბ კარანაძე, აჭარის ჯანმრთელობისა და  სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე ზურაბ თენიეიშვილი, თბილისის ინგოროყვას სახელობის კლინიკის დირექტორ გოჩა ინგოროყვასა და ქედის მერ ლევან გორგილაძესთან ერთად გაესაუბრნენ მოსახლეობას, გაეცნენ მათ პრობლემებს.