10 მაისი

-საქართველო-პოლონეთის ურთიერთობები ძალზე აქტიურია და იმედი მაქვს, რომ სახელმწიფოთა შორის თანამშრომლობას კიდევ უფრო გაამყარებს რეგიონული ურთიერთობები. ქვემო სილეზია მეგობრობისა და თანამშრომლობის საუკეთესო მაგალითია, - აღნიშნა აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ დავით გაბაიძემ საკანონმდებლო ორგანოში ქვემო სილეზიის დელეგაციასთან გამართულ შეხვედრაზე. 
პოლონეთის დელეგაცია, ქვემო სილეზიის ვიცე-მარშალის მიხაელ ბობოვიეცის მეთაურობით, ჩვენს რეგიონს რამდენიმე დღის წინ ესტუმრა და მის შემადგებლობაში მთავრობისა და სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები არიან. 
შეხვედრაზე, რომელსაც უმაღლესი საბჭოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ლადო მგალობლიშვილი ესწრებოდა, დადებითად შეფასდა კულტურისა და ჯანდაცვის სფეროებში ჩვენს რეგიონებს შორის აქტიური ურთიერთობები. მხარეებმა ასევე ისაუბრეს მზარდი ტურისტული ნაკადებისა და ეკონომიკური მიმართულებით განსახორციელებელი აქტივობების, ასევე სამომავლოდ დაგეგმილი რეგიონული პარლამენტების კონფერენციის შესახებ, რომელშიც ქვემო სილეზიის, ბრანდენბურგისა და აჭარის საკანონმდებლო ორგანოები მიიღებენ მონაწილეობას.
უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ სტუმრებს მადლობა გადაუხადა თანამშრომლობისა და რეგიონთაშორის ურთიერთობების მხარდაჭერისათვის.