09 მაისი

   აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ, უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე მერაბ კარანაძემ, დეპუტატმა ილია ვერძაძემ, აღმასრულებელი ხელისუფლების, ქალაქ ბათუმის მერიის, საკრებულოსა და საზოგადოების წარმომადგენლებმა მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებს ფაშიზმზე გამარჯვების დღე - 9 მაისი მიულოცეს. ისინი, ვეტერანებთან ერთად, ლეგენდარული ქართველი კაპიტნის ანატოლი კაჭარავას საფლავთან შეიკრიბნენ და ყვავილებითა და გვირგვინებით შეამკეს იგი.
   შორეული ნაოსნობის კაპიტანმა საომარი მოქმედებების დროს არაერთი სახიფათო რეისი შეასრულა, რისთვისაც საბჭოთა კავშირის გმირის წოდება მიენიჭა. 9 მაისი ანატოლი კაჭარავას დაბადების დღეა, მას 109 წელი შეუსრულდებოდა. ბათუმის საზღვაო აკადემიის კურსანტებმა მხედრული პატივი მიაგეს ომში დაღუპულთა ხსოვნას, ვაჟთა ანსამბლმა „ბათუმმა“ შეასრულა საგალობლები.
   ამჟამად ბათუმში 1941-1945 წლების ომის 17 ვეტერანი და ომში დაღუპულთა 11 ოჯახი ცხოვრობს. ფაშიზმზე გამარჯვების 74-ე წლისთავთან დაკავშირებით, ვეტერანებს ქალაქის მერიამ ერთჯერადი ფულადი საჩუქრები გადასცა.