საპარლამენტო სემინარის პირველი სამუშაო დღე დასრულდა

06 მაისი

აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების საპარლამენტო ადმინისტრაციებისთვის საპარლამენტო სწავლებისა და კომუნიკაციების შესახებ ბათუმში, სასტუმრო „რედისონში“ მიმდინარე სემინარზე, რომელსაც 7 ქვეყნის საპარლამენტო ადმინისტრაციების ხელმძღვანელები, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) წარმომადგენლები და ევროპის წამყვანი ქვეყნების  ექსპერტ-ანალიტიკოსები ესწრებიან, პირველი სამუშაო დღე დასრულდა.

პირველ სესიაზე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის კაბინეტის უფროსმა ზურაბ ჭურკვეიძემ სემინარის მონაწილეებს რეგიონისა და აჭარის საკანონმდებლო ორგანოს შესახებ მიაწოდა ინფორმაცია, ისაუბრა უმაღლესი საბჭოს საქმიანობის ძირითად პრინციპებსა და ფუნქციებზე, მის სტრუქტურასა და აპარატის მუშაობის სპეციფიკაზე.

აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში არსებულ გამოცდილებაზე, ამავე სესიაზე მოხსენებებით საქარათველოს პარლამენტის სასწავლო ცენტრის, მოლდოვას, უკრაინის, სომხეთის, აზერბაიჯანისა და ბელარუსიის პარლამენტების წარმომადგენლები წარსდგნენ.

პრეზენტაციების და კითხვა-პასუხის რეჟიმის დასრულების შემდეგ, სემინარის პირველი დღე ევროპელმა ექსპერტ-ანალიტიკოსებმა შეაჯამეს.