ბათუმი აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების საპარლამენტო სემინარს მასპინძლობს

06 მაისი

ბათუმი აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების საპარლამენტო ადმინისტრაციებისთვის საპარლამენტო სწავლებისა და კომუნიკაციების შესახებ სემინარს მასპინძლობს. სასტუმრო „რედისონში“ მიმდინარე სემინარს ჩვენი ქვეყნის, ბელარუსიის, უკრაინის, ლიეტუვას, მოლდოვას, სომხეთისა და აზერბაიჯანის საპარლამენტო ადმინისტრაციების ხელმძღვანელები, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) წარმომადგენლები და ევროპის წამყვანი ქვეყნების  ექსპერტები ესწრებიან.

-აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების თანამშრომლობის მემორანდუმი ურთიერთობის ძალზე კარგი პლატფორმაა, ვინაიდან ჩვენ გვაქვს ერთნაირი გამოწვევები, ერთნაირი მისწრაფებები. ეს არის ძალზე კარგი საშუალება გავიზიაროთ ერთმანეთის გამოცდილება, მოსაზრებები, გავიცნოთ ერთმანეთის კულტურა,  - აღნიშნა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ დავით გაბაიძემ თავის მისასალმებელ სიტყვაში.  მან სემინარის მონაწილეებს აჭარის კონსტიტუციისა და რეგიონში მიმდინარე მოვლენების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია და აღნიშნა, რომ აჭარა, ერთადერთი რეგიონია, რომელიც აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების ე.წ. „თბილისის მემორანდუმის“ ფარგლებში გამართულ ღონისძიებაშია ჩართული.

გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის (GIZ) საზოგადოების პროექტის ფარგლებში ორგანიზებულ სემინარში აჭარის უმაღლესი საბჭო საქართველოს პარლამენტისა და ავტონომიური რესპუბლიკის საკანონმდებლო ორგანოების აპარატებს შორის გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში მონაწილეობს. სემინარი სამი დღის განმავლობაში სესიებად ჩატარდება და ძირითადად საზოგადოებასთან ურთიერთობებისა და კომუნიკაციის მიმართულებებს მოიცავს.