30 აპრილი

  აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის ლადო მგალობლიშვილის მორიგი საკანონმდებლო ინიციატივა, სავარაუდოდ, ერთ თვეში საქართველოს პარლამენტს წარედგინება. ამის შესახებ დეპუტატმა უმაღლეს საბჭოში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. „ზოგადი განათლების“ შესახებ საქართველოს კანონში შესატანი ცვლილებით იზრდება ავტონომიური რესპუბლიკების უფლებამოსილება ზოგადი განათლების სფეროში.

  კანონპროექტის თანახმად, ავტონომიური რესპუბლიკების განათლების სამინისტროებს ენიჭებათ საჯარო სკოლებში აუდიტისა და ინსპექტირების ფუნქციების დამოუკიდებლად განხორციელების, ასევე სისტემური ხარვეზების გამოვლენის უფლებამოსილება, რაც ხელს შეუწყობს, აამაღლებს და გაზრდის სასწავლო პროცესის ეფექტიანობას.

  როგორც ლადო მგალობლიშვილმა აღნიშნა, ამავე კანონის პროექტით, ზემოთ აღნიშნულ უწყებებს საშუალება ეძლევათ შეისწავლონ ცალკეული გადაცდომები, რის შემდეგაც უფლებამოსილნი იქნებიან, საჯარო სკოლას მისცენ წერილობითი გაფრთხილება. ცვლილების დამტკიცების შემთხვევაში, ამავე უწყებებს ენიჭებათ უფლებამოსილება ვადამდე შეუწყვიტონ დირექტორს/დირექტორის მოვალეობის შემსრულებელს უფლებამოსილება თუ საჯარო სკოლა ერთი წლის განმავლობაში ორ წერილობით გაფრთხილებას მიიღებს. მათ ასევე ეძლევათ საშუალება დაითხოვონ სამეურვეო საბჭო ან/და ვადამდე შეუწყვიტონ უფლებამოსილება დირექტორს/დირექტორის მოვალეობის შემსრულებელს, თუ საჯარო სკოლა წერილობით გაფრთხილებაში მითითებულ ვადაში არ აღმოფხვრის დარღვევას.

 ლადო მგალობლიშვილის განცხადებით, ინიციატივა ხელს შეუწყობს საჯარო სკოლებში სისტემური ხარვეზებისა და ინდივიდუალური გადაცდომების ეფექტურ გამოვლენას, რაც აჭარაში არსებულ 229 საჯარო სკოლაში სასწავლო გარემოს გაუმჯობესებას უზრუნველყოფს. კანონპროექტი წარედგინება, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოს, საქართველოს პარლამენტში ინიცირებისთვის.

 აღნიშნული კანონპროექტი, ლადო მგალობლიშვილის მეორე საკანონმდებლო ინიციატივაა, რომელიც საქართველოს პარლამენტს წარედგინება. პირველი ინიციატივა ავტონომიურ რესპუბლიკებში საჯარო სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის დანიშვნას ეხებოდა, რომელიც პარლამენტმა 2017 წელს მიიღო.