16 დეკემბერი

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს საკონსტიტუციო, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხთა კომისიების 16 დეკემბრის გაერთიანებულ სხდომაზე კანონმდებლებმა დღის წესრიგით გათვალისწინებულ ერთადერთ საკითხზე - აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მიერ წარმოდგენილი ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის შემადგენლობაზე იმსჯელეს.

სხდომას, რომელსაც საკონსტიტუციო, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ნინო ჩხეტია უძღვებოდა, მინისტრობის ოთხივე კანდიდატი ესწრებოდა. თითოეული მათგანი საკანონმდებლო ორგანოს წევრების წინაშე საკუთარი ხედვებითა და სამომავლოდ განსახორციელებელი გეგმებით წარსდგა.

კანდიდატებმა უპასუხეს დეპუტატების შეკითხვებს და აქვე განმარტეს, რომ რიგ საკითხებში, რომელთა მოგვარებაც საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების პრეროგატივაა, მზად არიან თანამშრომლობისა და ერთობლივი ძალისხმევით მოქმედებისათვის.

სხდომის დასასრულს ორივე კომისიამ მხარი დაუჭირა მთავრობის წარმოდგენილი შემადგენლობის უმაღლესი საბჭოს რიგგარეშე სხდომაზე განხილვას. შესაბამისი დასკვნები, კანონმდებელთა გადაწყვეტილებით, უმაღლესი საბჭოს ბიუროს წარედგინება.