კომიტეტებში ორი მინისტრის ანგარიში მოისმინეს

24 აპრილი

 აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა, საკონსტიტუციო, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე, რომელსაც ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ნუგზარ სურმანიძე უძღვებოდა, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრებს მოუსმინეს  - ჯაბა ფუტკარაძემ და ზაალ მიქელაძემ  ავტონომიური რესპუბლიკის 2018 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიში წარმოადგინეს.

 თავდაპირველად, სხდომაზე, რომელსაც მინისტრების მოადგილეები - არჩილ ვანაძე, ნინო ნიჟარაძე, ზურაბ თენიეშვილი და უმაღლესი საბჭოს ჯანდაცვის კომიტეტთან არსებული სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს წევრები ესწრებოდნენ, მოხსენებით ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი წარსდგა. ჯაბა ფუტკარაძის განცხადებით, გასული წლის რესპუბლიკური ბიუჯეტი შემოსავლების ნაწილში 108 %-ით (288,8 მილიონი ლარი), ხოლო ხარჯვით ნაწილში 92 %-ით (344,4 მილიონი ლარი) შესრულდა, რეგიონში მნიშვნელოვნად გაიზარდა საინვესტიციო, ეკონომიკური მაჩვენებლები და, შესაბამისად, დასაქმებულთა რაოდენობა. მინისტრმა ისაუბრა გასული წლის მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურულ და სხვა მიმართულებებით განხორციელებულ პროექტებზე და უპასუხა სხდომის მონაწილეთა შეკითხვებს.

 ჯაბა ფუტკარაძის შემდგომ საკანონმდებლო ორგანოს წევრებს გასული წლის საქმიანობის ანგარიში ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა გააცნო. ზაალ მიქელაძის განმარტებით, უწყებამ დაახლოებით 17-მილიონიანი ბიუჯეტი 100 %-ით შეასრულა და საანგარიშო წლის განმავლობაში 9 პროგრამა და 30 ქვეპროგრამა განახორციელა. ამასთან, პროგრამები მოსახლეობის საჭიროებების კვლევის შედეგების შესაბამისად მომზადდა. წელს სამინისტროს ბიუჯეტი თითქმის მილიონი ლარითაა გაზრდილი, გაზრდილია პროგრამების რაოდენობაც. მინისტრმა უპასუხა კანონმდებლებისა და სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს წევრების შეკითხვებს.

      მინისტრების ანგარიშები ორივე კომიტეტმა ცნობად მიიღო.

განცხადებები

დღის წესრიგი

პრეს-რელიზი