აჭარაში 7 მილიონიანი პროექტის რეალიზება იწყება

11 აპრილი

 ქობულეთში, სოფელ ცეცხლაურში თანამედროვე სტანდარტების სანიტარულ ნაგავსაყრელსა და შესაბამის დამხმარე ნაგებობებს კომპანია „Goksin Insaat-ი“ ააშენებს. თურქულ კომპანიასა და შპს „აჭარის ნარჩენების მართვის კომპანიას“ შორის შესაბამის ხელშეკრულებას სასტუმრო „ჰილტონში“ მოეწერა ხელი.

 ხელმოწერის ცერემონიას აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოსა და მთავრობის თავმჯდომარეები - დავით გაბაიძე და თორნიკე რიჟვაძე, უმაღლესი საბჭოს წევრები - მერაბ კარანაძე, ლადო მგალობლიშვილი, ილია ვერძაძე, ნუგზარ სურმანიძე, გიორგი რომანაძე, რეგიონის ხელისუფლების, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკისა (EBRD) და შვედეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

 პროექტს კურირებას შპს „აჭარის ნარჩენების მართვის კომპანია“ გაუწევს და მისი ღირებულება 7 მილიონი ევროა. აქედან 3 მილიონი EBRD-ის იაფი სესხია, 4 მილიონი ევრო კი შვედეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს გრანტი. ახალი ნაგავსაყრელის აშენების შემდეგ, ეტაპობრივად დაიხურება ბათუმისა და ქობულეთის ნაგავსაყრელები.

 პროექტი რეგიონში ეკოლოგიური პირობების გაუმჯობესებას, მოსახლეობისთვის ჯანსაღი ეკოლოგიური გარემოს შექმნასა და ტურიზმის განვითარებას შეუწყობს ხელს.