08 აპრილი

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ლადო მგალობლიშვილი ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში 9 აპრილის მოვლენებიდან 30 წლისთავისადმი მიძღვნილ საღამოს დაესწრო.  1989 წლის აპრილში განვითარებული მოვლენები გაიხსენეს და პატივი მიაგეს დაღუპული გმირების ხსოვნას.

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ საქართველოს ისტორიისათვის უმნიშვნელოვანესი მოვლენის მნიშვნელობაზე ისაუბრა. - 9 აპრილს პატივს მივაგებთ სამშობლოსათვის დაღუპულ გმირთა ხსოვნას და ამავე დროს, ვზეიმობთ საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენას. 9 აპრილი საქართველოს ისტორიაში დარჩება, როგორც სიმამაცის, თავისუფლების, ქართული სულის გამოღვიძებისა და თავგანწირვის სიმბოლო. თავისუფლებისთვის ბრძოლას ახალგაზრდა ადამიანების სიცოცხლე შეეწირა. მადლობა მათ ამ თავდადებისთვის და მოპოვებული თავისუფლებისთვის. ეს იყო უდიდესი ტესტი ჩვენი  უახლესი ისტორიის განმავლობში, დღეს ჩვენი ბრძოლა თავისუფლებისთვის გრძელდება, - განაცხადა მთავრობის თავმჯდომარემ.

30 წლის წინანდელი მოვლენები გაიხსენეს და შეაფასეს უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორ-მასწავლებლებმა და სტუდენტებმა. შეხვედრის ბოლოს ახალგაზრდებმა სიმბოლურად სანთლებით გამოსახეს ,, 9 აპრილი «და სპეციალურად ამ დღისთვის მომზადებული ვიდეორგოლი წარმოადგინეს.