03 აპრილი

  აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის  უმაღლეს საბჭოს  კომიტეტებსა და ფრაქციებში 2018 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიშის განხილვის პროცედურები იწყება. გადაწყვეტილება კანონმდებლებმა ბიუროს მე-7 სხდომაზე მიიღეს.  საკითხი საფინანსო-საბიუჯეტო და ეკონომიკურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ გიორგი რომანაძემ წარმოადგინა, განისაზღვრა წამყვანი კომიტეტი და განხილვის ვადები.

  ბიუროს გადაწყვეტილებით,  დავით გაბაიძის, ნინო ჩხეტიას, მერაბ კარანაძის, ირაკლი ჭეიშვილისა და დავით ბაციკაძის მიერ ინიცირებული საკანონმდებლო პაკეტი, რომელიც მოიცავს: უმაღლესი საბჭოს რეგლამენტის პროექტს, ,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ნორმატიული აქტების შესახებ“ და,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საბიუჯეტო პროცესისა და უფლებამოსილებათა შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონებში შესატანი ცვლილებების კანონპროექტებს, ასევე უმაღლესი საბჭოს დადგენილების პროექტს - ,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს მაჟორიტარი წევრის ამომრჩევლებთან ურთიერთობის გაუმჯობესების ღონისძიებათა შესახებ“, მესამე მოსმენით უმაღლესი საბჭოს უახლოეს სხდომაზე განიხილება. საკითხი საკონსტიტუციო, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ნინო ჩხეტიამ წარმოადგინა.

  ბიუროს წევრებმა მხარი დაუჭირეს ნინო ჩხეტიას მიერ სხდომაზე წარმოდგენილ კიდევ ერთ საკითხს  - ,,სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე საკანონმდებლო ინიციატივის წარდგენის შესახებ“  უმაღლესი საბჭოს დადგენილების პროექტისთვის კომიტეტებში განხილვის ვადის გაგრძელების თაობაზე.

   საკანონმდებლო ორგანოში, საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მრჩეველთა საბჭოს 2018 წლის საქმიანობის ანგარიშის განხილვის პროცედურების დაწყებასთან დაკავშირებით, საკითხი სხდომაზე უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ დავით გაბაიძემ წარმოადგინა. ბიუროს გადაწყვეტილებით, წამყვან კომიტეტს განხილვისათვის ვადა - 8, დანარჩენებს კი - 6 მაისამდე განესაზღვრათ.