31 მარტი

   - კონსტიტუციის პირველი მუხლი იწყება სიტყვებით რომ საქართველო არის ერთიანი, დამოუკიდებელი და განუყოფელი სახელმწიფო, რაც 1991 წლის 31 მარტის რეფერენდუმით დასტურდება. ეს არის კონსტიტუციური მნიშვნელობის თარიღი, რომელიც მნიშვნელოვანია თითოეული ჩვენი მოქალაქისათვის- განაცხადა აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ დავით გაბაიძემ აკაკი წერეთლის სახელობის   ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკაში  გამართულ ღონისძიებაზე, სადაც საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას 80 წლის იუბილესთან და საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის მოთხოვნით ჩატარებული რეფერენდუმის 28 წლისთავთან დაკავშირებული ღონისძიებები გაიმართა.

  შეხვედრას აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე, აჭარის უმაღლესი საბჭოს ფრაქცია „ქართული ოცნება-მაჟორიტარების“ თავმჯდომარე ილია ვერძაძე, ქალაქ ბათუმის მერი ლაშა კომახიძე,  რეგიონის საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ,  რომლებმაც კიდევ ერთხელ გაიხსენეს ჩვენი ქვეყნის უახლესი ისტორიის ასპექტები,  რამაც საფუძველი დაუდო საქართველოს დამოუკიდებლობას.  

  დარბაზში აჟღერდა დამოუკიდებელი საქართველოს ჰიმნები, მოსწავლე ახალგაზრდებს წარუდგინეს საქართველოს დამოუკიდებლობის აქტი და გააცნეს  მასზე ხელმომწერი ჩვენი თანაქალაქელები: რამაზ სურმანიძე და ანზორ კუდბა.

    ღონისძიების მონაწილეებმა ხარიტონ ახვლედიანის სახელობის სახელმწიფო მუზეუმში გადაინაცვლეს, სადაც 1991 წლების მოვლენების ამსახველი გამოფენა დაათვალიერეს.  

გამსახურდიას 80 წლის საიუბილეო თარიღი, სპეციალურად შექმნილი სახელმწიფო კომისიის  გადაწყვეტილებით, მთელ ქვეყანაში აღინიშნება.