29 მარტი

 აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე ბრანდენბურგის ფედერალური მხარის ეკონომიკის სამინისტროსა და ეკონომიკური განვითარების სააგენტოს აღმოსავლეთ ევროპის რეგიონულ მენეჯერს - დაგმარ ჰიუგერს შეხვდა.

 როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, ვიზიტის მიზანი აჭარის საინვესტიციო პოტენციალის გაცნობა და შესაბამისი ინფორმაციის მომზადებაა ჩვენს ქვეყანაში ბუნდესტაგისა და ბრანდენბურგის ფედერალური მხარის მეწარმეთა ოფიციალური ვიზიტისათვის, რომელიც 23-27 სექტემბერსაა დაგეგმილი.

  აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ სტუმარს ქვეყანასა და რეგიონში მიმდინარე საინვესტიციო და ეკონომიკურ პოლიტიკაზე, განხორციელებულ და მიმდინარე პროექტებზე მიაწოდა დეტალური ინფორმაცია. გერმანელ მეწარმათა საინვესტიციო ტური აჭარაში განხორციელდება ბრანდენბურგის ფედერალური მხარის ლანდტაგსა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოს შორის არსებული თანამშრომლობის ფარგლებში. გარდა ამისა, დაიგეგმა აჭარის ტურისტული და საინვესტიციო პოტენციალის პრეზენტაცია ქალაქ პოტსდამში.

 დაგმარ ჰიუგერმა დავით გაბაიძეს დაგეგმილი ღონისძიებებისა და ქართულ-გერმანული ბიზნესკონტაქტების გააქტიურების ინიციატივები გააცნო.