28 მარტი

  აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ლადო მგალობლიშვილი, საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარესთან - მარიამ ჯაშთან ერთად, ბათუმის ელიტურ სკოლა „გორდაში“ მოსწავლეების შემეცნებითი უნარების განვითარებისთვის განხორციელებულ აქტივობებს გაეცნო.

  სკოლის ადმინისტრაციამ და პედაგოგებმა კანონმდებლებს ინფორმაცია მიაწოდეს სასწავლო პროცესში დანერგილ სიახლეებსა და პროგრამებზე.

  შეხვედრა, რომელსაც აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი ინგა შამილიშვილი, მინისტრის მოადგილე თეონა ბერიძე, ქალაქ ბათუმის მერი ლაშა კომახიძე და ვიცე-მერები ესწრებოდნენ, რიგის აგენსკალნების სახელმწიფო გიმნაზიის დელეგაციის ვიზიტისადმი მიძღვნილი პროგრამის ფარგლებში გაიმართა.

  საგანმანათლებლო-კულტურული გაცვლითი პროგრამით ბათუმს გიმნაზიის დირექტორი, პედაგოგები და მოსწავლეები სტუმრობენ. შეხვედრის დასასრულს რიგელმა და ბათუმელმა მოსწავლეებმა ერთობლივი სპექტაკლი და კულტურული პროგრამა წარმოადგინეს, აქვე გაიმართა 2016-2017 სასწავლო წლის ოქროსა და ვერცხლის მედალოსანთა დაჯილდოება, ასევე, გორდას მკითხველთა კლუბის მიერ ორგანიზებულ რესპუბლიკურ კონკურსში გამარჯვებული საქართველოს სხვადასხვა რეგიონის მოსწავლეთა დაჯილდოების ცერემონიალი.