27 მარტი

   27 მარტს, თეატრის საერთაშორისო დღეს, ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო დრამატული თეატრის რეაბილიტირებული შენობა, 3-წლიანი პაუზის შემდეგ, პრემიერით საზეიმოდ გაიხსნა. გახსნას საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოსა და მთავრობის თავმჯდომარეები - დავით გაბაიძე და თორნიკე რიჟვაძე, ქვეყნისა და რეგიონის ხელისუფლების, თეატრალური საზოგადოების, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები და მაღალი რანგის სტუმრები დაესწრნენ.

  გასული საუკუნის 50-იან წლების შენობის რეაბილიტაცია ფონდმა „ქართუმ“ 2015 წელს დაიწყო და 14,5 მილიონი ლარით დააფინანსა. უპრეცედენტო სამუშაოების შედეგად სრულად რესტავრირებულ ისტორიულ შენობას დაუბრუნდა ავთენტურობა, მთლიანად შეიცვალა და განახლდა მისი ინფრასტრუქტურა, აღიჭურვა განათებისა და  გახმოვანების თანამედროვე სისტემებით, სცენის ახალი მექანიზმებითა და თანამედროვე სადადგმო ტექნოლოგიებით.

  განახლებულ სცენაზე, პრემიერის სახით, მაყურებელმა დავით კლდიაშვილის პიესის მიხედვით დადგმული სპექტაკლი - „KLDIASHVILI.GE“ (დამდგმელი რეჟისორი ანდრო ენუქიძე) იხილა.