27 მარტი

 -გწამდეთ, რომ ჩვენი ქვეყნის მომავალი თქვენს ხელშია, - ამ სიტყვებით მიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში რეგიონის საჯარო სკოლებისა და სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლის მოსწავლე-ახალგაზრდობასთან გამართულ შეხვედრაზე, რომელსაც საქართველოს მთავრობის წევრები, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოსა და მთავრობის თავმჯდომარეები - დავით გაბაიძე, თორნიკე რიჟვაძე და რეგიონის ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

 პრემიერ-მინისტრმა განათლების სისტემაში არსებულ ვითარებაზე, მიმდინარე პროცესებზე, დღეს არსებულ გამოწვევებსა და სამომავლო გეგმებზე გაამახვილა ყურადღება. ისაუბრა განათლების რეფორმაზე, რომლის უმთავრესი მიზანი სისტემის თანამედროვე სტანდარტებზე გადაყვანაა.

 მამუკა ბახტაძის განცხადებით, ბათუმს უახლოეს მომავალში ექნება განათლების ისეთივე ქალაქი, როგორიც თბილისში შენდება. პრემიერ-მინისტრმა აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს - თორნიკე რიჟვაძეს საამისოდ შესაბამისი მიწის ნაკვეთის შერჩევის წინადადებით მიმართა.

  საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ და განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა უპასუხეს ახალგაზრდების შეკითხვებს.