27 მარტი

- დღეს აჭარაში, ჩვენი ქვეყნის ულამაზეს კუთხეში, ვიწყებთ უპრეცედენტო მასშტაბის პროექტის რეალიზებას. ჩვენ ვსაუბრობთ ნახევარ მილიარდიან ინვესტიაციაზე. ეს არის ყველაზე დიდი ინვესტიცია, რაც კი ოდესმე განხორციელებულა აჭარაში, ჩვენს ტურისტულ ინფრასტრუქტურაში. ჩვენ ვსაუბრობთ ახალი ქალაქის, ახალი მწვანე ქალაქის მშენებლობაზე, რომელიც გახდება სავიზიტო ბარათი მთელი საქართველოსათვის,- განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ქობულეთში ახალი საკურორტო ქალაქის მშენებლობის გახსნის ღონისძიებაზე, რომელსაც აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოსა და მთავრობის თავმჯდომარეები - დავით გაბაიძე და თორნიკე რიჟვაძე, საქართველოს მთავრობის, პარლამენტის, აჭარის უმაღლესი საბჭოსა და აღმასრულებელი ხელისუფლების, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები დაესწრნენ.

პრემიერ-მინისტრის განცხადებით, მულტიფუნქციური მწვანე ქალაქის მშენებლობაში კომპანია „გრინ რეზორთი“ 500 მილიონი ლარის ინვესტიციას დებს და პროექტის რეალიზება აჭარის ოთხსეზონიან კურორტად გარდაქმნას უზრუნველყოფს.

მულტიფუნქციური მწვანე ქალაქი 180 ჰექტარზე გაშენდება. მშენებლობასა და შემდგომ ოპერირებისას 500 ადამიანი დასაქმდება. პროექტში გათვალისწინებულია: გოლფის მოედანი, საფეხბურთო მოედნები, საჩოგბურთო კორტები, სხვადასხვა ზომის საცურაო აუზები, რეკრეაციული ზონები.

ახალი სპორტული ინფრასტრუქტურა ქობულეთსა და მთლიანად რეგიონში სპორტული ტურიზმის განვითარებისთვის აუცილებელ წინაპირობას შექმნის. ასევე აშენდება 250- ნომრიანი მაღალი კლასის სასტუმრო, ერთ-ერთი ყველაზე დიდი სპა-ცენტრი ევროპაში, სხვადასხვა ტიპის ობიექტები.

პროექტს „გრინ რეზორთი“ კომპანია „ელ & ერ-თან“ პარტნიორობით განახორციელებს.