უმაღლეს საბჭოში  “გაეროს ახალგაზრდული ასამბლეის“ მონაწილეებს უმასპინძლეს

25 მარტი

  -თქვენი თაობა გაცილებით წინ არის, თუმცა ეს არ გაძლევთ თვითდამშვიდების საშუალებას. თქვენ სხვაგვარ მსოფლიოში ცხოვრებთ და ძალიან ბევრი უნდა გააკეთოთ იმისათვის, რომ მიიღოთ რაც შეიძლება სრულფასოვანი განათლება, სახელმწიფო ხელს გიწყობთ ამაში, - განაცხადა აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ დავით გაბაიძემ საკანონმდებლო ორგანოში „გაეროს ახალგაზრდული ასამბლეის“ მონაწილეებთან შეხვედრისას.

  ხელისუფლების შტოების, კერძოდ საკანონმდებლო ხელისუფლების საქმიანობის, ძირითადი პრინციპებისა და თავისებურებების შესახებ ინფორმაცია ახალგაზრდებს უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ დავით გაბაიძემ, უმაღლესი საბჭოს წევრებმა - ილია ვერძაძემ, ნუგზარ სურმანიძემ და გიორგი მანველიძემ მიაწოდეს, უპასუხეს მათ შეკითხვებს.

  შეხვედრის დასასრულს კანონმდებლებმა ახალგაზრდებს ასამბლეაში მონაწილეობის დამადასტურებელი სერტიფიკატები გადასცეს და მათთან ერთად სამახსოვრო სურათები გადაიღეს.

  არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს ახალგაზრდა დიპლომატების“ მიერ ორგანიზებული „გაეროს ახალგაზრდული ასამბლეა“ ბათუმში სამი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა და მასში 800 დელეგატი მონაწილეობდა საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან.