20 მარტი

21 მარტს ქართული ჟურნალისტიკის დღე აღინიშნება. ყოველდღიურობის ამსახველი ობიექტური, ოპერატიული ინფორმაციის მიწოდება საზოგადოებისა და ზოგადად, ქვეყნისათვის, უდიდეს პასუხისმგებლობასთან და, შესაბამისად, ძალზე რთულ, დაძაბულ შრომასთან ასოცირდება. ნებისმიერი სახელმწიფოს დემოკრატიულობის ხარისხი ერთგვარად მედიის თავისუფლებით განისაზღვრება და ამ მხრივ, საქართველომ ბოლო წლებში მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა. მოვლენები, რომლებიც მედიასაშუალებებით შუქდება, უდავო გავლენას ახდენს ჩვენი ქვეყნის საერთაშორისო ავტორიტეტზეც, ამდენად, ჟურნალისტიკას, როგორც პროფესიას, სხვა მრავალმხრივი დატვირთვაც აქვს.
აჭარა, როგორც საქართველოს განუყოფელი ნაწილი, ამ მხრივაც გამორჩეულია - სამი დღის წინ, 98 წელი შეუსრულდა ჩვენი რეგიონის უხუცეს გაზეთს - „აჭარას“, რომელიც ჩვენი წარსულისა და დღევანდელობის მემატიანედ იქცა. ვფიქრობ, იშვიათია ჩვენს ქვეყანაში მედიასაშუალება, რომელიც საუკუნოვანი ისტორიითა და წარსულით დღესაც საზოგადოების სამსახურში დგას.
ვულოცავ ქართული მედიის წარმომადგენლებს დღესასწაულს და წარმატებებს ვუსურვებ როგორც პროფესიულ საქმიანობაში, ისე პირად ცხოვრებაში.

 

პატივისცემით,

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს

თავმჯდომარე დავით გაბაიძე