16 მარტი

   აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის ეგიდით, გონიოს ამბულატორიასა და ჯანმრთელობის ცენტრ „მედინაში“ მოსახლეობისთვის მორიგი უფასო სამედიცინო გამოკვლევები ჩატარდა.

   აქციის მსვლელობას უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე, თავმჯდომარის მოადგილე მერაბ კარანაძე, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ნუგზარ სურმანიძე, აჭარის ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე ნინო ნიჟარაძე, ქალაქ ბათუმის ვიცე-მერი ლელა სურმანიძე გაეცნენ. ისინი გაესაუბრნენ პაციენტებს და მოწვეულ ექიმებს მადლობა გადაუხადეს მოსახლეობისთვის გაწეული მომსახურებისთვის.

   აქციის ფარგლებში ქალაქ ბათუმის N1 პოლიკლინიკისა და თბილისიდან მოწვეულმა სხვადასხვა პროფილის ექიმებმა ათეულობით პაციენტი გასინჯეს.

   აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრის ნუგზარ სურმანიძის განცხადებით, მსგავსი აქციები უკვე ტრადიციად დამკვიდრდა და მოწვეული ექიმები, საკანონმდებლო ორგანოს ეგიდით, უახლოეს მომავალში რეგიონის სხვა მუნიციპალიტეტებსაც ეწვევიან.