15 მარტი

  აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრები - ნუგზარ სურმანიძე და ილია ვერძაძე სოციალური პარტნიორობის სამმხრივი ტერიტორიული კომისიის პირველ სხდომას დაესწრნენ, რომელსაც აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე ხელმძღვანელობდა
 -სამმხრივი კომისიის სხდომა პირველია არა მხოლოდ საქართველოში, არამედ ამიერკავკასიაში. ეს პროცესი ჩვენს ქვეყანაში დაიწყო 2013 წლიდან, ხელისუფლებაში „ქართული ოცნების“ მოსვლის შემდეგ - შრომის კანონმდებლობაში შეტანილმა ცვლილებებმა განსაზღვრა საქართველოში ამ მიმართულების განვითარება, - აღნიშნა უმაღლესი საბჭოს წევრმა ილია ვერძაძემ.
 კომისია, რომელშიც აჭარის მთავრობა, დამსაქმებელთა ასოციაცია და პროფკავშირებია წარმოდგენილი, სოციალური დიალოგის კულტურის განვითარებასა და დიალოგის გზით ნებისმიერი სადავო საკითხის მოგვარებას, დამსაქმებელსა და დასაქმებულს შორის ურთიერთობების დარეგულირებას, დასაქმებულთა უფლებების დაცვას ისახავს მიზნად. სამმხრივი კომისია, ქვეყნის მასშტაბით, 2013 წელს, „შრომის კოდექსში“ შეტანილი ცვლილებების შემდეგ ამოქმედდა და სოციალური პარტნიორობის განვითარება დაისახა მიზნად. აჭარაში აღნიშნული კომისია 2018 წლის 24 აპრილს შეიქმნა.