14 დეკემბერი

14 დეკემბერს, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე, ბათუმში თურქეთის საკონსულოს ეწვია, სადაც ქალაქ სტამბოლში მომხდარი ტერაქტის გამო, თურქეთის ხელისუფლებისა და თურქი ხალხის მიმართ, სამძიმარი გამოხატა.

ტერორისტული აქტი მეზობელ ქვეყანაში 4 დღის წინ განხორციელდა, რასაც 44 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, 166 კი დაშავდა.

აჭარის საკანონმდებლო ხელისუფლების ხელმძღვანელმა ჩანაწერი გააკეთა საკონსულოში გახსნილ სამძიმრის წიგნში, სადაც გარდაცვლილთა ოჯახების მიმართ თანაგრძნობა გამოხატა, დაშავებულებს კი მალე გამოჯანმრთელება უსურვა.

-მინდა, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს სახელით, ღრმა მწუხარება გამოვხატო თურქეთში მომხდარი ტერაქტის გამო. იმედი მაქვს, რომ ეს იქნება უკანასკნელი შემთხვევა, რომელიც შევიდა მსოფლიო ისტორიაში და მსგავსი ფაქტები აღარ განმეორდება - განაცხადა დავით გაბაიძემ.