01 მარტი

პოლონეთში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დელეგაციას, საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარის დავით გაბაიძის ხელმძღვანელობით, ძალზე საინტერესო და მნიშვნელოვანი შეხვედრა მოუწყვეს ქვემო სილეზიის სავოევოდოს სეიმში. ქართველ კანონმდებლებს ვროცლავის წარმომადგენლობით ორგანოში მისმა ხელმძღვანელმა პაველ ვრობლევსკიმ უმასპინძლა.

შეხვედრაზე მხარეებმა, პირველ რიგში, საქართველო-პოლონეთის მეგობრული, საქმიანი ურთიერთობების მნიშვნელობასა და თანამშრომლობის გაღრმავების აუცილებლობაზე ისაუბრეს, ყურადღება გაამახვილეს იმ აქტუალურ საკითხებზე, რომელთა განხორციელებაც ხელს შეუწყობს ჩვენი ქვეყნის ევროინტეგრაციასა და მის დაახლოებას ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებთან.

ქვემო სილეზიის საკანონმდებლო ორგანოს მოწყობა, კანონშემოქმედებითი საქმიანობის ძირითადი პრინციპები და სპეციფიკა, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი გახლდათ, რომელზეც დელეგაციის წევრებმა დეტალური ინფორმაცია სეიმის თავმჯდომარისაგან მოისმინეს. პაველ ვრობლევსკიმ ქართველ სტუმრებს სხვა რეგიონების წარმომადგენლობითი ორგანოების მუშაობის თავისებურებებიც გააცნო და თავადაც დაინტერესდა ავტონომიური რესპუბლიკის საკანონმდებლო ორგანოში მიმდინარე პროცესებით. მისი განცხადებით, გამოცდილების გაზიარებას და უკვე კარგად აპრობირებული ინოვაციური მეთოდების დანერგვას კანონშემოქმედებითი ორგანოებისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს როგორც ცალკეული ქვეყნებისთვის, ისე მისი რეგიონებისთვის. ამიტომაც ამ თვალსაზრისით ურთიერთობების გაღრმავება და მუდმივი თანამშრომლობა სასიკეთოდ აისახება როგორც კანონშემოქმედებით საქმიანობაზე, ისე მისგან გამომდინარე პროცესებსა და მოსახლეობაზე.

აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ პოლონელ კოლეგას ქვეყანასა და რეგიონში მიმდინარე პროცესებზე მიაწოდა ინფორმაცია, ისაუბრა ახალი მოწვევის საკანონმდებლო ორგანოს მიზნებსა და ამოცანებზე, ჩვენი რეგიონის მრავალმხრივ პოტენციალსა და განვითარების პერსპექტივებზე. დავით გაბაიძემ პაველ ვრობლევსკის მადლობა გადაუხადა გულითადი მასპინძლობისთვის.

შეხვედრის დასასრულს მხარეები მჭიდრო თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ.

შეხვედრა ქვემო სილეზიის წარმომადგენლობითი ორგანოს ხელმძღვანელთან, ბატონ პაველ ვრობლევსკისთან.