13 დეკემბერი

13 დეკემბერს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე და ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ნუგზარ სურმანიძე, ბათუმის ხელოვნების მუსიკალურ ცენტრში საქველმოქმედო ღონისძიებას დაესწრნენ.

შშმ პირთა სარეაბილიტაციო ცენტრ „თანას“ მიერ გამართული სპექტაკლი „საახალწლო ზღაპარი“ ბათუმის მერიის ფინანსური მხარდაჭერით შედგა და მასში „თანას“ ბენეფიციარები მონაწილეობდნენ.

სპექტაკლის შემდეგ საქველმოქმედო აუქციონი გაიმართა, სადაც გასაყიდად წარმოადგინეს შშმ ბავშვების მიერ შესრულებული ნამუშევრები. განსაკუთრებული ყურადღება ფიროსმანის ცნობილი ტილოების მიხედვით შესრულებულმა ნახატებმა გამოიწვია. მათ შორის ერთ-ერთი- „მეეზოვე“ აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის, ერთი ნახატი კი ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარის კაბინეტს დაამშვენებს.