04 მარტი

„ძალიან ნაყოფიერი სამმხრივი შეხვედრა გვქონდა სილეზიის სავოევოდოს რეგიონული პარლამენტის თავმჯდომარესთან, ანდჟეი იაროშთან და ბრანდენბურგის ლანდტაგის პრეზიდენტთან, ბრიტა შტარკთან. შეხვედრაზე სამივე მხარემ გამოხატა მზაობა, კიდევ უფრო აქტიურად ითანამშრომლოს სამმხრივ ფორმატში და გაგვიზიაროს ევროპული საპარლამენტო გამოცდილება,“- განაცხადა აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ პოლონურ მედიასთან ინტერვიუს დროს.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ოფიციალურმა დელეგაციამ, საბჭოს თავმჯდომარის, დავით გაბაიძის ხელმძღვანელობით ქ. ვროცლავში ვიზიტი დაასრულა.

დელეგაციის შემადგენლობაში იყვნენ : ფრაქცია „ქართული ოცნება-მაჟორიტარების“ თავმჯდომარე - ილია ვერძაძე და აგრარულ და გარემოს დაცვის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ვახტანგ წულაძე.

ვიზიტის ფარგლებში აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დელეგაციამ შეხვედრები გამართა რეგიონის აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების პირველ პირებთან, სადაც მხარეებმა 2016 წელს დაწყებული თანამშრომლობის აქტიურ მიმდინარეობაზე ისაუბრეს. 2019 წლიდან თანამშრომლობა მნიშვნელოვნად გაფართოვდება და ეკონომიკის, ტურიზმის, ჯანდაცვისა და კულტურის სფეროებში თანამშრომლობას დაემატება განათლების სფეროც. დაგეგმილია პედაგოგთა და ახალგაზრდების გაცვლითი პროგრამების განხორციელება, სადაც, ასევე ჩართული იქნება არასამთავრობო სექტორიც.

გაიმართა ოფიციალური შეხვედრები სილეზიის სავოევოდოს მარშალთან, ცეზარი ფშიბილსკისთან და თვითმმართველი ქალაქის შკლარშკა პორებას ადმინისტრაციის ხელმძღვანელ პირებთან. დელეგაციამ მონაწილეობა მიიღო ვროცლავის ყოველწლიური საერთაშორისო ტურისტული გამოფენის გახსნის ცერემონიალშიც, სადაც აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი წელს უკვე მეოთხედ მონაწილეობს.