01 მარტი

 აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ლადო მგალობლიშვილი კრავ მაგას მსოფლიო ფედრაციის პრეზიდენტს გაბი მიჩელს, აშშ-ის კრავ მაგას საერთაშორისო პორტალის - “UVENTEX-ის“ დამფუძნებელს  მოშე გერშბერგს, საქართველოს კარატეს ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტს კახა ბასილიას, ამავე ფედერაციის წარმომადგენელს გიორგი გიგოლაშვილსა და აჭარის კრავ მაგას ფედერაციის პრეზიდენტს გოჩა სურმანიძეს შეხვდა.

 გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე მხარეებმა რეგიონში კრავ მაგას განვითარების პერსპექტივებზე ისაუბრეს. აღინიშნა, რომ მსოფლიოში მზარდი პოპულარობის მქონე საბრძოლო ხელოვნების რეგიონალური ფედერაცია საამისოდ გარკვეული ღონისძიებების გატარებას გეგმავს. ამასთან, ნოემბერში, ისრაელში გაიმართება კრავ მაგას მსოფლიო ჩემპიონატი, რომელშიც 30 ქვეყანა მიიღებს მონაწილეობას. საქართველოს ნაკრებში აჭარიდან წარგზავნილი სპორტსმენებიც იქნებიან და ისინი პირველად იასპარეზებენ ამ ტიპის შეჯიბრებაში.

 ლადო მგალობლიშვილმა სტუმრებს, კომპეტენციის ფარგლებში, თანადგომა და მხარდაჭერა აღუთქვა.