26 თებერვალი

 -ნებისმიერი საგანმანათლებლო დაწესებულების მიზანი მაღალკვალიფიციური სპეციალისტების მომზადება, მათ პროფესიულ განვითარებასა და დასაქმებაზე ზრუნვაა, ვინაიდან სწორედ კურსდამთავრებულთა ხარისხობრივი და რაოდენობრივი მაჩვენებელი განსაზღვრავს ამა თუ იმ სასწავლებლის ეფექტურობას. ძალიან მნიშვნელოვანია, რომდღევანდელი ფორუმი საზღვაო აკადემიის ეგიდით ტარდება. უმაღლეს სასწავლებელსა და საჯარო თუ კერძო სექტორს შორის მოსაზრებების გაცვლის პარალელურად, კურსანტებს მომავალ დამსაქმებლებთან პირდაპირი დიალოგის საშუალება ეძლევათ, - აღნიშნა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ დავით გაბაიძემ სასტუმრო „შერატონში“, „დამსაქმებელთა და საერთაშორისო განათლების ფორუმის“ გახსნის ღონისძიებაზე.

 რეგიონის საკანონმდებლო ორგანოს ხელმძღვანელი დასაქმების ყოველწლიურ ფორუმს აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთან,  მთავრობის წევრებთან, ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის, საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოსა და საზღვაო ინდუსტრიის წარმომადგენლებთან ერთად დაესწრო.

 ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის მიერ ორგანიზებული ყოველწლიური ღონისძიების მიზანი საზღვაო სფეროს სიახლეების, მოთხოვნების, გამოწვევების გაცნობა, საბაზრო მოთხოვნილებების შესაბამისი საგანმანათლებლო პროგრამების შემუშავება და აკადემიის სტუდენტთა დასაქმების ხელშეწყობაა.