13 დეკემბერი

15 დეკემბერს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს პლენარული სხდომა გაიმართება და მასზე დღის წესრიგით გათვალისწინებული ორი საკითხი განიხილება. შესაბამისი გადაწყვეტილება საკანონმდებლო ორგანოს ბიურომ ერთხმად მიიღო 13 დეკემბრის სხდომაზე, რომელსაც უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე უძღვებოდა.

ბიუროს სხდომის დღის წესრიგის პირველი საკითხი საკონსტიტუციო, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ ნინო ჩხეტიამ წარმოადგინა.

აჭარის უმაღლესი საბჭოს დადგენილების პროექტი „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრის დავით თარხან-მოურავისათვის უმაღლესი საბჭოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის თაობაზე“ უმაღლესი საბჭოს პლენარულ სხდომაზე განიხილება. ბიუროს წევრებმა გადაწყვეტილება ერთხმად მიიღეს.

როგორც მომხსენებელმა კენჭისყრამდე აღნიშნა, დავით თარხან-მოურავმა უმაღლეს საბჭოს შესაბამისი განცხადებით 30 ნოემბერს მომართა. საკონსტიტუციო, იურიდიულმა და საპროცედურო საკითხთა კომისიამ განცხადება კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა პროცედურის დაცვით განიხილა.

ბიუროს ერთსულოვანი გადაწყვეტილებით პლენარული სხდომის დღის წესრიგში შევიდა დადგენილების პროექტი „წინა მოწვევის უმაღლეს საბჭოში წარდგენილი სამართლებრივი აქტების პროექტების განხილვის პროცედურების გაგრძელების მიზანშეწონილობის შესახებ“, რომელიც ასევე საკონსტიტუციო, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ ნინო ჩხეტიამ წარმოადგინა.

ამავე სხდომაზე განიხილეს და ერთხმად დაამტკიცეს უმაღლესი საბჭოს დარგობრივი კომისიების დებულებები, რომლებიც კომისიების თავმჯდომარეებმა წარმოადგინეს. მათვე ბიუროს ინფორმაცია მიაწოდეს კომისიების თავმჯდომარეთა მოადგილეების არჩევასთან დაკავშირებით.