15 თებერვალი

     აჭარის უმაღლესი საბჭოს აგრარულ და გარემოს დაცვის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ვახტანგ წულაძე, სასტუმრო „რედისონში“, სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ ორგანიზებულ ღონისძიებას დაესწრო - რეგიონის  სოფლის მეურნეობის მინისტრმა ტიტე აროშიძემ  ციტრუსის სეზონი შეაჯამა და 2018-2019 წლებში მანდარინის მოსავლის რეალიზაციის ხელშეწყობის ღონისძიებები წარადგინა.

  მინისტრის განცხადებით, მიმდინარე სეზონზე რეგიონში 30-მდე მიმღებ-შემფუთავი და არასტანდარტული ციტრუსის გადამამუშავებელი 2 საწარმო მოქმედებდა. გარდა ამისა, აჭარის მთავრობის ხელშეწყობით, მუშაობდა სპეციალური საკოორდინაციო შტაბი.  სეზონზე რუსეთის, უკრაინის, აზერბაიჯანის, ლატვიის, სომხეთის, უზბეკეთის, ბელორუსიისა და ყირგიზეთის მიმართულებით ექსპორტირებულია 30 000 ტონა სტანდარტული მანდარინი. ამასთან, მოსახლეობიდან მიღებულია და გადამუშავებულია 15 000  ტონა არასტანდარტული ციტრუსი.

   საჯარო განხილვისას, რომელშიც საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე გელა ხანიშვილი, აჭარის მთავრობის წევრები, რეგიონის ხუთივე მუნიციპალიტეტის გამგეობებისა და საკრებულოების, სამეცნიერო წრეების, არასამთავრობო ორგანიზაციების, მედიის წარმომადგენლები და ფერმერები მონაწილეობდნენ, ტიტე აროშიძემ სოფლის მეურნეობის სამინისტროს 2019 წლის პროგრამები და ქვეპროგრამები წარმოადგინა.