13 თებერვალი

   დაწესებულებაში გამორიცხულია პატიმრების მიმართ არაჰუმანური მოპყრობა, ძალადობა და სხვა მსგავსი ფაქტები, თუმცა პერმანენტული მონიტორინგის გაგრძელება მნიშვნელოვანია იმისათვის, რომ სასჯელაღსრულების დაწესებულებაში შენარჩუნდეს ადამიანის უფლებების დაცვის ევროპული სტანდარტები, - აღნიშნა აჭარის უმაღლესი საბჭოს ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ ცოტნე ანანიძემ ბათუმის N 3 საპყრობილეში მყოფ პატიმრებთან მორიგი შეხვედრისას.

   კომიტეტის თავმჯდომარე პენიტენციურ დაწესებულებაში, მონიტორინგის მიზნით, რამდენიმე საათის განმავლობაში იმყოფებოდა და პატიმართა პრობლემებს ეცნობოდა. მისი განცხადებით, ამ ეტაპზე ყოფითი პრობლემები არ ფიქსირდება, თუმცა ყოველდღიურობაში ახალი გამოწვევები შეიძლება წარმოიქმნას.

    საკნებში მონიტორინგის დასრულების შემდეგ, გარკვეული საკითხების ადგილზე ოპერატიულად მოგვარების მიზნით, ცოტნე ანანიძე პენიტენციური დაწესებულების ადმინისტრაციის ხელმძღვანელებს შეხვდა. გარდა ამისა, ადგილიდანვე კონსულტაციები გაიმართა შესაბამისი უწყებების წარმომადგენლებთანაც.

    ეს დეპუტატის პატიმრებთან რიგით მე-11 შეხვედრა გახლდათ. ამჯერად მან 19 მსჯავრდებული მოინახულა.