13 დეკემბერი

კიდევ ერთი გაცნობითი ხასიათის შეხვედრა - აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ დავით გაბაიძემ 13 დეკემბერს აზერბაიჯანის რესპუბლიკის გენერალურ კონსულს რაშად ისმაილოვსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის ვიცე-კონსულს ფარჰად მამედოვს უმასპინძლა.

აზერბაიჯანის რესპუბლიკის გენერალურმა კონსულმა ქალაქ ბათუმში უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეს რეგიონისათვის ძალზე მნიშვნელოვან თანამდებობაზე არჩევა მიულოცა და ახალი მოწვევის საკანონმდებლო ორგანოს წარმატებები უსურვა.

შეხვედრაზე ხაზგასმით აღინიშნა აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის არსებულ მეგობრულ და მრავალმხრივ ურთიერთობებზე. რაშად ისმაილოვის განცხადებით, საქართველოში განხორციელებულ ინვესტიციებს შორის აზერბაიჯანს ერთ-ერთი წამყვანი პოზიცია უკავია და ამ მხრივ მუშაობა სამომავლოდაც გაგრძელდება.

-აზერბაიჯანი ჩვენი მეზობელი ქვეყანაა. მასთან მეგობრული და საქმიანი ურთიერთობები ჩვენთვის ძალზე მნიშვნელოვანია. ვიმედოვნებთ, რომ ორ ქვეყანას შორის კეთილგანწყობა სამომავლო ურთიერთობებს კიდევ უფრო განამტკიცებს, - განაცხადა შეხვედრის დასასრულს უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ.

რაშად ისმაილოვმა დავით გაბაიძეს მადლობა გადაუხადა გულითადი მასპინძლობისათვის.