13 დეკემბერი

12 დეკემბერს, ბათუმში აზერბაიჯანის ეროვნული ლიდერის, ჰეიდარ ალიევის ხსოვნისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა, რომელსაც აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე მერაბ კარანაძე, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე, ქალაქ ბათუმის მერი გიორგი ერმაკოვი, თურქეთის გენერალური კონსული ბათუმში-იასინ თემიზქანი, აღმასრულებელი ხელისუფლებისა და საზოგადოების წარმომადგენლები დაესწრნენ.

საქართველოსა და აზერბაიჯანის სახელმწიფო ჰიმნების შესრულების შემდეგ სტუმრებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა აზერბაიჯანის გენერალურმა კონსულმა ბათუმში რაშად ისმაილოვმა. მან აზერბაიჯანის ისტორიაში ჰეიდარ ალიევის განსაკუთრებულ დამსახურებაზე ისაუბრა.

ორი ქვეყნის მეგობრულ ურთიერთობასა და ამ კუთხით ჰეიდარ ალიევის მოღვაწეობაზე გაამახვილა ყურადღება სიტყვით გამოსვლისას აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ჰეიდარ ალიევი იყო საქართველოს მეგობარი, რომელმაც დიდი როლი ითამაშა როგორც აზერბაიჯანის წარმატებაში პოლიტიკურ არენაზე, ისე ორ ქვეყანას შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაძლიერებასა და გაღრმავებაში.

აზერბაიჯანის პრეზიდენტი ჰეიდარ ალიევი 2003 წლის 12 დეკემბერს გარდაიცვალა.