უმაღლეს საბჭოში ქვემო სილეზიის სეიმის ოფიციალურ დელეგაციას უმასპინძლეს

01 თებერვალი

 -საქართველოს და პოლონეთს მჭიდრო თანამშრომლობა აკავშირებთ და სასიხარულოა, რომ ამ ურთიერთობებს მხარს უბამენ ჩვენი რეგიონები. აჭარამ და ქვემო სილეზიამ დაამტკიცეს, რომ აღმასრულებელ ხელისუფლებების მსგავსად, საკანონმდებლო ორგანოებს შორის თანამშრომლობა ძალზე მნიშვნელოვანია. მადლობა თითოეულ თქვენგანს, ყველა იმ ადამიანს, ვინც ამ ურთიერთობებს აშენებდა, - განაცხადა აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ დავით გაბაიძემ პოლონეთის ქვემო სილეზიის სეიმის ოფიციალურ დელეგაციასთან საკანონმდებლო ორგანოში გამართულ შეხვედრაზე. მან სილეზიელ კანონმდებლებს განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის მხარდამჭერი რეზოლუციის მიღებისათვის, რაც რეგიონთაშორის თანამშრომლობის უპრეცედენტო მაგალითია, აგრეთვე იმ მნიშვნელოვანი პროექტებისთვის, რომლებიც, აჭარის უმაღლეს საბჭოსა და ქვემო სილეზიის სავოევოდოს შორის გაფორმებული თანამშრომლობის მემორანდუმის საფუძველზე, ერთობლივი ძალისხმევით განხორციელდა.

 ორი მეგობარი ქვეყნის რეგიონებს შორის მჭიდრო თანამშრომლობა ძალზე დადებითად შეაფასა ქვემო სილეზიის სავოევოდოს სეიმისა და ოფიციალური დელეგაციის თავმჯდომარემ ანჟეი იაროხმა, რომელიც ოფიციალური შეხვედრის დაწყებამდე უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეს შეხვდა და საკანონმდებლო ორგანოს სპეციალურ წიგნში ჩანაწერი დატოვა.

 -ქვემო სილეზიაში ორი თვის წინ დასრულდა საპარლამენტო არჩევნები და  ის ფაქტი, რომ ახალი მოწვევის სეიმის პირველი ოფიციალური ვიზიტი საქართველოში, კერძოდ, აჭარაში შედგა, თავისთავად მრავლისმთქმელია, - აღნიშნა ანჟეი იაროხმა.

 უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარესა და ბიუროს წევრებთან გამართულ შეხვედრაზე და სეიმის 9-კაციანი დელეგაციის წევრებმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილეს ტურიზმის, კულტურის, განათლების, ჯანდაცვისა და ეკონომიკის მიმართულებით განხორციელებულ და დაგეგმილ ურთიერთობებზე.

 სტუმრებმა ქართულ მხარეს მადლობა გადაუხადეს ტრაგიკულად დაღუპული პრეზიდენტის - ლეხ კაჩინსკის განსაკუთრებული პატივგებისათვის. როგორც დავით გაბაიძემ აღნიშნა, ბათუმში, მისი სახელობის პროსპექტზე ლეხ კაჩინსკის ბიუსტის დადგმის თაობაზე ახლო მომავალში ქალაქის წარმომადგენლობით ორგანოში იმსჯელებენ. სეიმის წევრები შეხვედრაზე რეგიონების თვითმმართველობებს შორის თანამშრომლობის განვითარების ინიციატივით გამოვიდნენ.

  შეხვედრის დასასრულს მხარეებმა გაცვალეს საჩუქრები და გადაიღეს სამახსოვრო ფოტოები.

  ვიზიტის ფარგლებში პოლონელი სტუმრები შეხვდებიან აჭარის მთავრობის წევრებს, გაეცნობიან რეგიონის ღირსშესანიშნაობებს.

  3 თებერვალს სეიმის დელეგაცია სამშობლოში გაემგზავრება.       

განცხადებები