12 დეკემბერი

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოში დავით თარხან-მოურავისათვის უმაღლესი საბჭოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე ადრე შეწყვეტის საკითხი განიხილება. ამის შესახებ საკანონმდებლო ორგანოს საკონსტიტუციო, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ ნინო ჩხეტიამ ამავე კომისიის 12 დეკემბრის სხდომაზე განაცხადა. მისი განმარტებით, დავით თარხან-მოურავმა შესაბამისი განცხადებით უსკო-ს 28 ნოემბერს მიმართა. რაც შეეხება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოს თავმჯდომარის სახელზე დაწერილ კიდევ ერთ ანალოგიურ განცხადებას, ის 30 ნოემბრითაა დათარიღებული.

საკონსტიტუციო, იურიდიული და საპროცედურო საკითხთა კომისიამ ხელმოწერის ნამდვილობაზე იმსჯელა და საკითხის საკანონმდებლო ორგანოს ბიუროსათვის წარდგენის გადაწყვეტილება ერთხმად მიიღო.

კომისიამ ამავე სხდომაზე იმსჯელა წინა მოწვევის უმაღლეს საბჭოში განსახილველად წარდგენილი სამართლებრივი აქტების პროექტების განხილვის პროცედურის გაგრძელების მიზანშეწონილობის თაობაზე და გადაწყვეტილება ასევე ერთხმად მიიღო.

როგორც სხდომაზე აღინიშნა, აჭარის უმაღლესი საბჭოს იმ წევრებს, რომლებიც მანამდე თვითმმართველობების საკრებულოების წევრები იყვნენ, საკრებულოს წევრის სტატუსი შეუწყდათ. შესაბამისი ინფორმაცია საკანონმდებლო ორგანოში მუნიციპალიტეტების საკრებულოებიდან კანონმდებლობით გათვალისწინებული ვადების დაცვით შემოვიდა. ინფორმაცია კომისიის წევრებმა ერთხმად მიიღეს ცნობად.

დღის წესრიგით გათვალისწინებული სამივე საკითხი საკონსტიტუციო, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ ნინო ჩხეტიამ წარმოადგინა.