11 დეკემბერი

10 დეკემბერს გოდერძის სათხილამურო კურორტზე ზამთრის სეზონი ოფიციალურად გაიხსნა. საზეიმო ღონისძიებას ესწრებოდნენ: აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეები - ზურაბ პატარაძე და დავით გაბაიძე, საქართველოს პარლამენტისა და აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრები, ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი რამაზ ბოლქვაძე, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს „მთის კურორტების განვითარების კომპანიის“ ხელმძღვანელი ალექსანდრე ონოფრიშვილი, ადგილობრივი თვითმმართველობების ხელმძღვანელები და წარმომადგენლები.

„გოდერძზე“ ამჟამად 7 საცხოვრებელი სასტუმროს ტიპის კოტეჯი, ერთი სასტუმრო და ადმინისტრაციული შენობაა. სამომავლოდ მაღალმთიანეთის სათხილამურო კურორტი 7 ათას დამსვენებელს ერთდროულად მიიღებს. საამისოდ აქ ყველა პირობა შეიქმნება. კერძოდ, „გოდერძზე’’დაწყებულია ორი მაღალი დონის სასტუმროს მშენებლობა. 100- ნომრიანი „ალიანს რეზორტი“ 3 120 კვ.მ ტერიტორიაზე შენდება და ერთდროულად 250-მდე დამსვენებელზეა გათვალისწინებული. სასტუმროს საერთაშორისო ბრენდი ოპერირებს. პროექტში 100 ადგილობრივი დასაქმდა. სასტუმრო-კომპლექსში საცურაო აუზი, ტენისის კორტები, ბავშვთა გასართობი ცენტრი, ბარი, რესტორანი, გამაჯანსაღებელი კომპლექსი, სამორინე, საკონფერენციო დარბაზი, მიწისქვეშა და მიწისზედა ავტოსადგომი მოეწყობა.

კურორტ „გოდერძზევე“ შენდება კიდევ ერთი 150- ნომრიანი სასტუმრო „ეიფორია სქაი თაუერი“ ,რომლის ოპერირებას ასევე საერთაშორისო ბრენდი განახორციელებს. პროექტში 15 მლნ აშშ დოლარის ინვესტიცია ჩაიდება და ჯამში 100 ადგილობრივი დასაქმდება. სასტუმროში რესტორანი,საკონფერენციო დარბაზი, გამაჯანსაღებელი ცენტრი, საცურაო აუზი და სხვა ობიექტები განთავსდება. აქვე მოეწყობა 40 ავტომანქანაზე გათვლილი პარკინგი.

სამთო კურორტზე ორი სახის საბაგირო გონდოლაა. ტრასების საერთო სიგრძე 8 კილომეტრია. საბაგიროს მაქსიმალური სიმაღლე ზღვის დონიდან 2366 მეტრია. აჭარის მთავრობისა და საერთაშორისო კომპანიის ერთობლივი მუშაობის შედეგად დასრულდა კურორტის განაშენიანების რეგულირების გეგმის ძირითად ნაწილზე მუშაობა. კურორტი სწორედ აღნიშნული დოკუმენტის მიხედვით განვითარდება.

-თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ბევრგან ვყოფილვარ, მაგრამ აქ ერთ-ერთი საუკეთესო სათხილამურო ტრასაა. მინდა მოვუწოდო ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს არ დაზოგონ დრო, საშუალება და დაისვენონ აქ. კეთილი იყოს მათი მობრძანება კურორტ „გოდერძზე“, - აღნიშნა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ დავით გაბაიძემ.

სამთო-სათხილამურო კურორტის გახსნამდე აჭარის ხელისუფლების წარმომადგენლები კურორტ გომარდულს ეწვივნენ და აქ არსებულ პრობლემებს ადგილზე გაეცნენ.