10 დეკემბერი

„ყველა დღე უნდა იყოს ადამიანის უფლებების დღე“ - აღნიშნავს ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ცოტნე ანანიძე და ულოცავს საზოგადოებას ამ განსაკუთრებულ თარიღს 1948 წლის 10 დეკემბერს, როდესაც გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დეკლარაცია მიიღეს. დეკლარაციაში მაშინ ფაქტიურად პირველად გამოიხატა ახალი მსოფლიო წყობის მიდგომა ადამიანის უფლებათა მიმართ - ყველა ადამიანის თანასწორობის უფლების მუდმივი გამეორებით.

დეკლარაცია იძლევა ადამიანის უფლებათა ფასდაუდებელ ჩარჩოს ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში და ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებთან ერთად ასახავს როგორც სამოქალაქო და პოლიტიკურ, ისე ეკონომიკურ, სოციალურ და კულტურულ უფლებებს. მრავალ საერთაშორისო დოკუმენტს, როგორებიცაა ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების საერთაშორისო პაქტი; სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების საერთაშორისო პაქტი; კონვენცია წამებისა და სხვა სასტიკი, არაადამიანური ან ღირსების შემლახავი მოპყრობის ან სასჯელის წინააღმდეგ; კონვენცია ბავშვის უფლებათა შესახებ; ხელშეკრულება ქალთა მიმართ დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ; შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენცია და სხვები, საფუძვლად დაედო ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია, რომლებიც მეტყველებენ დეკლარაციის მასშტაბსა და მნიშვნელობაზე. საქართველოს კონსტიტუცია მთლიანად აღიარებს დეკლარაციის და ადამიანის უფლებათა სხვა საყოველთაო და ზოგად პრინციპებს. საქართველოს პარლამენტმა დეკლარაციის რატიფიცირება 1991 წლის 15 სექტემბერს მოახდინა.

„ყველა ადამიანი იბადება თავისუფალი და თანასწორი თავისი ღირსებითა და უფლებებით“ - ნათქვამია დეკლარაციაში.

ფაქტია, რომ ღირსების ცნება ადამიანის უფლებების საყოველთაო დეკლარაციის პრეამბულაში გამოტანილი უმაღლესი ფასეულობაა და ყველა სხვა უფლებისა და თავისუფლების დასაყრდენია“ - აღნიშნავს ცოტნე ანანიძე და აცხადებს, რომ ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხთა კომისიის კარი ღია იქნება ყველა მოქალაქისათვის მათი უფლებების დაცვის, პრევენციისა და დარღვეული უფლებების აღდგენის სადარაჯოზე, ამ მიზნებისთვის კი კომისია მჭიდროდ და კოორდინირებულად ითანამშრომლებს ყველა ორგანიზაციასთან, რომელიც იცავს ადამიანის უფლებებს.