ჩვენი ქვეყანა 2019 წელს სიახლეების, წარმატებების, წინსვლის, გამთლიანების იმედით ხვდება. დამდეგი შობა-ახალი წელი განსაკუთრებით მინდა მივულოცო იმ ადამიანებს, რომლებიც ახლა, ამ წუთებში იცავენ ჩვენი ქვეყნის საზღვრებს, მის უსაფრთხოებას, ადამიანებს, რომლებიც სამედიცინო დაწესებულებებში ახლაც ზრუნავენ ჩვენი თანამემამულეების ჯანმრთელობასა და სიცოცხლის გადარჩენაზე!
ვულოცავ საგანგებო სიტუაციათა სამსახურების თანამშრომლებს - მეხანძრე-მაშველებს, სამართალდამცავებს, პედაგოგებს, ავტოტრანსპორტის მუშაკებს, მშენებლებს, სხვადასხვა პროფესიის ადამიანებს, მედიის წარმომადგენლებს, რომლებიც ქვეყნის, რეგიონის ყველა კუთხიდან უწყვეტ რეჟიმში გვაწვდიან ინფორმაციას!
მინდა, პატივისცემის ნიშნად, ქედი მოვიხარო ჩვენი ასაკოვანი მოქალაქეების წინაშე და ღირსეული სიბერე, ჯანის სიმრთელე და დღეგრძელობა ვუსურვო მათ.
აჭარიდან მინდა მივესალმო ჩვენს თანამემამულეებს, რომლებიც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში იმყოფებიან. გამძლეობას და უახლოეს მომავალში სამშობლოში დაბრუნებას ვუსურვებ თითოეულ მათგანს.
შობა-ახალ წელს ვულოცავ ჩვენს აფხაზ და ოს ძმებს! უკვე წლებია ვსაუბრობთ ჩატეხილ ხიდზე და იმედი მაქვს, რომ ის აუცილებლად გამთელდება.
წლის გამორჩეულ დღესასწაულებს ვულოცავ ჩვენს პატარებს, რომლებსაც, დამეთანხმებით, ყველაზე მეტად უხარიათ შობა-ახალი წლის მოსვლა. ბედნიერი მომავალი ჰქონოდეთ, წინსვლისა და სიკეთის გზებზე ევლოთ!
კიდევ ერთხელ გილოცავთ დამდეგ შობა-ახალ წელს! გისურვებთ ჯანმრთელობასა და წარმატებებს, ხვავითა და ბარაქით, დოვლათით ავსებულიყოს თქვენი ოჯახები! სიკეთე და სიხარული დაგბედებოდეთ!
უფალი იყოს ჩვენი და ჩვენი ქვეყნის მფარველი!
პატივისცემით,
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის
უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე
დავით გაბაიძე