09 დეკემბერი

9 დეკემბერს, ბათუმში, სასტუმრო „შერატონში“ „სამშენებლო მასალებისა და დეველოპერების“ (“BATUMI BULD 2016”) მე-6 საერთაშორისო გამოფენა გაიხსნა.

საგამოფენო კომპანია „EXPO BATUMI-ის“ მიერ ორგანიზებული გამოფენა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ დავით გაბაიძემ, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა რამაზ ბოლქვაძემ, ქალაქ ბათუმში თურქეთის გენერალურმა კონსულმა იასინ თემიზქანმა და საგამოფენო კომპანია „EXPO BATUMI-ის“ გენერალურმა დირექტორმა ოსმან მჟავანაძემ გახსნეს.

„სამშენებლო მასალებისა და დეველოპერების“ გამოფენა-გაყიდვა სამ დღეს გაგრძელდება და მისი თანაორგანიზატორები აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო, ქალაქ ბათუმის მერია, აჭარის სავაჭრო-სამრეწველო პალატა, საქართველოს საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაცია არიან.

საქართველოს, აზერბაიჯანის, თურქეთის, ირანის, უკრაინის, იტალიის, ჰოლანდიის 45 კომპანია დაინტერესებულ მხარეებს თავისი პროდუქციისა და მომსახურების ფართო არჩევანს სთავაზობს.

გამოფენა-გაყიდვის ფარგლებში დაგეგმილია სამშენებლო და დიზაინის სფეროში არსებული სიახლეებისა და ახალი ტექნოლოგიების წარმოჩენა, ასევე სარეკლამო, საინფორმაციო ტურები და სხვადასხვა სახის შეხვედრები, რაც ახალი ბიზნესპარტნიორობის ძალზე კარგი საშუალებაა. გამოფენა-გაყიდვაში ასევე მონაწილეობენ საერთაშორისო და ადგილობრივი უძრავ-მოძრავი ქონების სააგენტოები.

საერთაშორისო გამოფენა 11 დეკემბერს ოფიციალურად დაიხურება.