24 დეკემბერი

  აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ დავით გაბაიძემ მედიკოსებს პროფესიული დღე მიულოცა, ადამიანის სიცოცხლესა და ჯანმრთელობის დაცვაზე ზრუნვისათვის სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებს მადლობა გადაუხადა და შემდგომი წარმატებები უსურვა.

   ღონისძიებას, რომელიც სასტუმრო „რედისონში“, მედიცინის დღესთან დაკავშირებით გაიმართა, უმაღლესი საბჭოსა და   მთავრობის თავმჯდომარეები დავით გაბაიძე და თორნიკე რიჟვაძე, უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე მერაბ კარანაძე, ფრაქცია „ქართული ოცნება - მაჟორიტარების“ თავმჯდომარე ილია ვერძაძე დაესწრნენ.

   რეგიონის დამსახურებული და წარმატებული მედიკოსების დაჯილდოებამდე, რეგიონის ხელისუფლების, მუნიციპალიტეტების მერიებისა და სამედიცინო დაწესებულებების წარმომადგენლების წინაშე აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს 2018 წლის საქმიანობა შეაჯამა ამავე უწყების ხელმძღვანელმა ზაალ მიქელაძემ. მინისტრის განცხადებით, მთელი წლის განმავლობაში უწყვეტ რეჟიმში ხორციელდებოდა ყველა პროგრამა და სამინისტრომ ბიუჯეტი 100 %-ით შეასრულა. ზაალ მიქელაძემ აქვე წარმოადგინა 2019 წლის სიახლეები. მისი განცხადებით, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის პროგრამების განსახორციელებლად სამინისტროს ბიუჯეტი მომავალი წლიდან 17 762 600 ლარით იზრდება.

   მინისტრის ანგარიშის შემდეგ ხელისუფლების წარმომადგენლებმა  რეგიონის ჯანდაცვის სფეროს 24 წარმომადგენელი დააჯილდოეს.