21 დეკემბერი

   აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ცოტნე ანანიძე ხულოს შშმ პირთა კავშირისა და ა(ა)იპ „უსინათლოთა ხმის“ მიერ, ქალაქ ბათუმში, არასამთავრობო ორგანიზაცია „ინტელექტის“ ოფისში ორგანიზებულ წარდგინებას დაესწრო.

   პროექტი სახელწოდებით - „შშმ პირთა სოციალიზაციის კუთხით განხორციელებული მუნიციპალური პროექტების მონიტორინგი და ადვოკატირება“ - პრეზენტაციაზე ორგანიზატორებმა  პროექტის ფარგლებში ჩატრებული მონიტორინგის შედეგად აღმოჩენილ გამოწვევებსა და  ადგილობრივი მუნიციპალიტეტების, ასევე რეგიონალური მთავრობის მხარდაჭერით მათი მოგვარების გზებზე იმსჯელეს. განსაკუთრებული  ყურადღება გამახვილდა ადაპტირებული მუნიციპალური ტრანსპორტის გამოყოფასა და პერსონალური ასისტენტის ინსტიტუტის შემოღებაზე.

  როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, შშმ პირთა ადაპტირებისათვის საქმიანობის იმპლემენტაციის პროცესის მონიტორინგი  საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის მხარდაჭერით, პროექტის - „სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივის" (2017 -2020) ფარგლებში, კონსორციუმ კონრად ადენაუერის ფონდის ხელმძღვანელობით განხორციელდა. ევროკავშირისა და გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობის სამინისტროს მიერ დაფინანსებული პროგრამის მიზანი საქართველოში სამოქალაქო საზოგადოებისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების გაძლიერება და მოქალაქეთა მიმართ მათი ანგარიშვალდებულების გაზრდაა.

  წარდგინების ორგანიზატორებმა უმაღლესი საბჭოს ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეს  მადლობა გადაუხადეს თანადგომისათვის. ცოტნე ანანიძე შეკრებილებს, კომპეტენციის ფარგლებში, დახმარებას დაჰპირდა.