21 დეკემბერი

        აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოსა და სამედიცინო კორპორაცია „მედიქალ პარკის“ ორგანიზებით, ბათუმში, სასტუმრო „WYNDHAM-ში“ საერთაშორისო სამედიცინო კონფერენცია გაიმართა სახელწოდებით - „ჯანმრთელი მომავალი“.

           კონფერენცია აჭარის უმაღლესი საბჭოს ჯანმრთელობისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ნუგზარ სურმანიძემ გახსნა. მისი განცხადებით, ერთობლივი კონფერენცია აჭარის უმაღლეს საბჭოსა და სამედიცინო კორპორაცია „მედიქალ პარკს“ შორის გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში მომზადდა.

     ქართველ და თურქ მედიკოსებს აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე მიესალმა:

        -თქვენ ემსახურებით ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვის ურთულეს, ძალზე საპასუხისმგებლო და საპატიო საქმეს. აჭარის უმაღლესი საბჭო ცდილობს არ დარჩეს მხოლოდ კანონშემოქმედებით სფეროში და ჩვენი საქმიანობით ვცდილობთ ხელი შევუწყოთ რიგი დარგების განვითარებას, მათ შორის სამედიცინო სფეროში თანამშრომლობის გაღრმავებას. დღევანდელი კონფერენცია ამის საუკეთესო მაგალითია, - აღნიშნა დავით გაბაიძემ.

    კონფერენციაზე, რომელსაც აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე მერაბ კარანაძე, აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ზაალ მიქელაძე, მინისტრის პირველი მოადგილე ნინო ნიჟარაძე და სამედიცინო საზოგადოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ, მოხსენებებით წარსდგნენ: უშვილობის დაძლევის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელი, ხმელთაშუა ზღვის აუზის ქვეყნებისა და თურქეთის ხელოვნური განაყოფიერების ცენტრების დირექტორი თიმურ გურგანი, „მედიქალ პარკის“ წამყვანი ექიმები - პროფესორი სემა აგარ სეზგინი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი მელიჰ ჩეთინ ქაია.

     ორი მეზობელი და პარტნიორი ქვეყნის ექიმებმა თანამედროვე მედიცინისთვის მნიშვნელოვან საკითხებსა და სიახლეებზე იმსჯელეს.