უსაფრთხოების ინსპექტორები ერთობლივი პროგრამებით მომზადდებიან

04 დეკემბერი

   აჭარის უმაღლესი საბჭოს განათლების, მეცნიერებისა და კულტურის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის ლადო მგალობლიშვილის განცხადებით, მომავალი წლიდან მინსკის სამოქალაქო უსაფრთხოების უნივერსიტეტი ჩვენი რეგიონის სახელმწიფო პროფესიული სასწავლებლების სპეციალისტებს გადაამზადებს. ამის შესახებ საკანონმდებლო ორგანოში გამართულ შეხვედრაზე აღინიშნა, რომელსაც  პროფესიული სასწავლებლების - „ბლექსი-სა“ და „ახალი ტალღის“, ასევე ბათუმის სახელმწიფო მუსიკალურ ცენტრის ხელმძღვანელები გიორგი გოგიტიძე, ლაშა ხახუტაიშვილი და გიორგი მიქელაძე ესწრებოდნენ.

  ლადო მგალობლიშვილის განცხადებით, შრომის უსაფრთხოების კანონი 2019  წლიდან დამსაქმებლებს შრომის უსაფრთხოების სპეციალისტების აყვანას ავალდებულებს და  ისინი აკრედიტებული პროგრამების შესაბამისად უნდა გადამზადდნენ. როგორც შეხვედრაზე ითქვა, ბელორუსი სპეციალისტები  ქართველ კოლეგებს სწორედ ამ პროგრამების მომზადებასა და შესაბამისი სპეციალისტების გადამზადებაში დაეხმარებიან, რაც ქალაქ მინსკში ვიზიტისას, ბელორუსიის სამოქალაქო უსაფრთხოების უნივერსიტეტსა და აჭარაში მოქმედ პროფესიულ სასწავლებლებსა და მუსიკალურ ცენტრს შორის თანამშრომლობის მემორანდუმზე ხელმოწერის დროს დაიგეგმა. დოკუმენტი სახანძრო და შრომის უსაფრთხოების სწავლების სპეციალისტების გადამზადებასა და შემდგომში შესაბამისი პროგრამების დანერგვაში დახმარებას ითვალისწინებს.

  -კანონიდან გამომდინარე, აუცილებელია  დაინერგოს შესაბამისი სპეციალისტების გადამზადების სასწავლო და პრაქტიკული უნარ-ჩვევების პროფესიული სასწავლო პროგრამები. ამდენად,  მინსკში გაფორმებული მემორანდუმით გათვალისწინებული თანამშრომლობის საფუძველზე, აჭარაში არსებული პროფესიული სასწავლებლები წინასწარ მომზადებულები შეხვდებიან ახალი რეგულაციების ამოქმედებას და დამსაქმებლებს შრომის უსაფრთხოების სპეციალისტების გადამზადებას შესთავაზებენ,  - აცხადებს ლადო მგალობლიშვილი.

  მისი თქმით, მინსკის სამოქალაქო უსაფრთხოების უნივერსიტეტს 85-წლიანი გამოცდილება აქვს და ევროპის მასშტაბით, ის ერთ-ერთი წამყვანი სპეციალიზებული უმაღლესი სასწავლებელია. უნივერსიტეტი თანამშრომლობს ატომური ენერგიის სააგენტოსთან, ასევე „ESCA“ ევროკავშირის სახანძრო უსაფრთხოების კოლეჯების ასოციაციის წევრია.

  შესაბამისი სასწავლო პროგრამები 2019 წლის იანვარში, მინსკში დაგეგმილი ვიზიტის დროს მომზადდება, რომლის შემდეგ სპეციალისტთა გადამზადების უშუალო პროცესი დაიწყება.

განცხადებები

დღის წესრიგი

რეგლამენტის პროექტი