25 ნოემბერი

 აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე, თავმჯდომარის მოადგილე მერაბ კარანაძე, ქედის, შუახევის, ხულოს მაჟორიტარი დეპუტატი აჭარის უმაღლეს საბჭოში ხვიჩა შარაშიძე, საქართველოს პრემიერ-მინისტრთან მამუკა ბახტაძესთან, აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთან თორნიკე რიჟვაძესთან, ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად, ხიჭაურს ესტუმრნენ და ადგილობრივ მოსახლეობას მაღალმთიანი აჭარის გაზიფიცირების პროექტის პირველი ეტაპის დასრულება მიულოცეს.

 პროექტის ფარგლებში, გაზის მილები სოფელ სალიბაურიდან ხიჭაურამდე ცენტრალური მაგისტრალის 65-კილომეტრიან მონაკვეთზე ჩაიდო, რაც 11 000 აბონენტის, კერძოდ, ხელვაჩაურის, ქედისა და შუახევის (ხიჭაური) მოსახლეობის ბუნებრივი აირით უზრუნველყოფას ითვალისწინებს. მშენებლობაზე. რომლის ღირებულება 25 768 251 ლარია, 120 ადამიანი იყო დასაქმებული.

 გაზიფიცირების პროექტის პირველი ეტაპის დასრულების პარალელურად, დაწყებულია შუხევიდან გოდერძის უღელტეხილამდე მონაკვეთის გაზიფიცირების სამუშაოებიც. მეორე ეტაპი მაღალმთიანეთის 15 200 აბონენტის ბუნებრივი აირით უზრუნველყოფას ითვალისწინებს. მშენებლობა, რომელზეც 140 ადამიანი დასაქმდება, ბიუჯეტიდან 30 მილიონი ლარით დაფინანსდება.