22 ნოემბერი

   „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2019 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესახებ“ კანონის პროექტისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2019-2022 წლების პრიორიტეტების დოკუმენტი განიხილეს აჭარის უმაღლესი საბჭოს ბიუროს რიგით 29-ე სხდომაზე, რომელსაც საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე უძღვებოდა.

  კანონის პროექტი და მისი თანმდევი პრიორიტეტების დოკუმენტი, რომელიც საფინანსო-საბიუჯეტო და ეკონომიკურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ გიორგი რომანაძემ წარმოადგინა, ბიუროს გადაწყვეტილებით, კანონმდებელთა წინადადებებით რეგიონის მთავრობას გადაეგზავნება.

   სხდომაზე დავით გაბაიძის, ნინო ჩხეტიას, მერაბ კარანაძის, ირაკლი ჭეიშვილისა და დავით ბაციკაძის მიერ ინიცირებული საკანონმდებლო პაკეტი საკონსტიტუციო, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ნინო ჩხეტიამ წარმოადგინა.

    საკანონმდებლო პაკეტი, რომელიც კანონმდებლებმა პირველი მოსმენით უკვე განიხილეს და 13 ხმით მიიღეს 20 სექტემბრის პლენარულ სხდომაზე, მოიცავს - უმაღლესი საბჭოს რეგლამენტის პროექტს, „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ნორმატიული აქტების შესახებ“ და „ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საბიუჯეტო პროცესისა და უფლებამოსილებათა შესახებ“კანონებში შესატანი ცვლილებების პროექტებს.

    ბიურომ მხარი დაუჭირა მომხსენებლის წინადადებას რეგლამენტის პროექტისთვის განხილვის ვადის გაგრძელების თაობაზე.