21 ნოემბერი

  -თქვენ ხართ თაობა, რომელიც თავისუფლების ეპოქაში დაიბადა და ჩვენგან განსხვავებით, გაქვთ მეტი შესაძლებლობები. თქვენ ხართ თაობა, რომელმაც ხვალ ბევრი სასიკეთო საქმე უნდა გააკეთოს ჩვენი ქვეყნისათვის. ის ფაქტი, რომ წარჩინებული მოსწავლეების რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება, განათლების სწორი პოლიტიკის შედეგია, - აღნიშნა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ დავით გაბაიძემ ბათუმის სახელმწიფო მუსიკალურ ცენტრში რეგიონის წარჩინებული მოსწავლეების დაჯილდოების საზეიმო ღონისძიებაზე.

   აჭარის ყველა მუნიციპალიტეტის საუკეთესო მოსწავლეებს კომპიუტერები საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პროგრამის - „ჩემი პირველი კომპიუტერი“ ფარგლებში აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ  დავით გაბაიძემ, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ლადო მგალობლიშვილმა, ფრაქცია „ქართული ოცნება - აჭარის“ თავმჯდომარემ დავით ბაციკაძემ, განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა ინგა შამილიშვილმა, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს განათლების განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელმა ზვიად როსტომაშვილმა და მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელებმა გადასცეს. პროგრამის ბენეფიციარებად განისაზღვრნენ საჯარო სკოლების მოსწავლეები, რომელთაც გასულ სასწავლო წელს საბაზო საფეხური, დამრგვალების გარეშე, 10-ქულიანი შეფასებით დაასრულეს. დაჯილდოებულთა შორის იყო ლეღვას საჯარო სკოლის ტრაგიკულად დაღუპული წარჩინებული მოსწავლე თეონა ტაკიძე - მისი კომპიუტერი ოჯახს გადაეცემა.

    წარჩინებულ მოსწავლეებს, მათ მშობლებსა და პედაგოგებს მიესალმნენ და პირველი წარმატება მიულოცეს უმაღლესი საბჭოს წევრებმა - ლადო მგალობლიშვილმა და დავით ბაციკაძემ. მათი განცხადებით, ეს თითოეული მოსწავლის, მათი პედაგოგებისა და ოჯახების წარმატებაა, პირველი დამსახურებული ჯილდოა.

    პროექტი, რომელიც მოსწავლეთა წასახალისებლად, ყოველწლიურად ტარდება, მომავალი თაობის მოტივაციის ამაღლებას და ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიებზე დაფუძნებულ სწავლებას ისახავს მიზნად.

    პროგრამის ფარგლებში, კომპიუტერებით ამჯერად  77 ბათუმელი, 51- ქობულეთელი, 27- ხელვაჩაურელი, 18- ქედელი, 36 - შუახეველი და 58 - ხულოელი, სულ  - 267 მოსწავლე დაჯილდოვდა.

     

 

.