17 ნოემბერი

    აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ მერაბ კარანაძემ, აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთან - თორნიკე რიჟვაძესთან, ხელვაჩაურის მერთან ჯუმბერ ვარდმანიძესთან და შპს „სოკარ ჯორჯია გაზის“ დირექტორთან ვახტანგ ბერიაშვილთან ერთად, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფლების - ჭარნალისა და ახალსოფლის გაზიფიცირების სამუშაოების დასრულების ნიშნად სიმბოლური ჩირაღდანი აანთო. მუნიციპალიტეტში მცხოვრები 2173 აბონენტი ამიერიდან ბუნებრივი აირით ისარგებლებს.

     გაზიფიცირების პროექტის დასრულება ხელისუფლების წარმომადგენლებმა თხილნარის მოსახლეობას მიულოცეს.  პროექტის ფარგლებში, სოფელ თხილნარში საშუალო და დაბალი წნევის 69345 მეტრი სიგრძის გაზსადენი მილი დამონტაჟდა და გაზით 1000 აბონენტი ისარგებლებს. ჭარნალში კი საშუალო და დაბალი წნევის 52 995 მეტრი სიგრძის გაზსადენი მილის დამონტაჟებამ 743 აბონენტს ბუნებრივი აირით სარგებლობის შესაძლებლობა მისცა. ახალსოფელში საშუალო და დაბალი წნევის 27 984 მეტრი სიგრძის გაზსადენი მილი დამონტაჟდა  და გაზით 430 აბონენტი ისარგებლებს.  

     ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის 3 სოფლის გაზიფიცირების საპროექტო-სამშენებლო სამუშაოები შ.პ.ს. „სოკარ ჯორჯია გაზმა“  განახორციელა. აჭარაში მიმდინარე წელს კომპანიამ ბუნებრივი აირით 9 500 აბონენტი უზრუნველყო.