02 დეკემბერი

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ბიუროს 2 დეკემბრის სხდომაზე, რომელსაც საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე უძღვებოდა, კანონმდებლებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული ერთი საკითხი განიხილეს.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის თანამდებობაზე ზურაბ პატარაძის წარდგენის შესახებ მოხსენებით საკონსტიტუციო, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ნინო ჩხეტია წარსდგა. მისი განცხადებით, საკანონმდებლო ორგანოს კომისიებმა საქართველოს პრეზიდენტის მიერ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის თანამდებობაზე წარდგენილი ზურაბ პატარაძის კანდიდატურასთან დაკავშირებით მოამზადეს შესაბამისი დასკვნები, რომელთა საფუძველზეც მხარს უჭერენ კანდიდატურის უმაღლესი საბჭოს რიგგარეშე სხდომაზე განხილვა-დამტკიცებას.

მომხსენებელმა ამავე წინადადებით მიმართა ბიუროსაც, რის შემდეგაც უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ დავით გაბაიძემ სხდომის მონაწილეებს ბიუროს დასკვნა წარუდგინა.

ორშაბათის რიგგარეშე სხდომაზე აჭარის მთავრობის თავმჯდომარის თანამდებობაზე საქართველოს პრეზიდენტის მიერ წარდგენილი ზურაბ პატარაძის კანდიდატურის განხილვა-დამტკიცების საკითხს მხოლოდ ერთმა დეპუტატმა - ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ ელგუჯა ბაგრატიონმა არ დაუჭირა მხარი.

ბიურომ შესაბამისი გადაწყვეტილება 11 ხმით მიიღო.

კანონმდებლობის თანახმად, ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის დასამტკიცებლად უმაღლესი საბჭოს სრული შემადგენლობის ნახევარზე მეტის მხარდაჭერაა აუცილებელი.