02 დეკემბერი

-მზად ვარ გიპასუხოთ ყველაზე მწვავე კითხვებზე და ყველა იმ საკითხზე, რომელიც ჩვენი რეგიონის, მისი მოსახლეობის კეთილდღეობას შეეხება, - განაცხადა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარეობის კანდიდატმა ზურაბ პატარაძემ 2 დეკემბერს აჭარის უმაღლეს საბჭოში გამართულ კომისიების ერთობლივ სხდომაზე.

კანონმდებელთა შეთანხმებით, სხდომას საკონსტიტუციო, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ნინო ჩხეტია უძღვებოდა.

დღის წესრიგის დამტკიცების შემდეგ ზურაბ პატარაძემ თავისი სიტყვა ამომრჩევლისადმი მიმართვით დაიწყო. მან მადლობა გადაუხადა რეგიონის მოსახლეობას, „ქართული ოცნების“ პოლიტიკურ გუნდს, საქართველოს პრეზიდენტსა და პრემიერ-მინისტრს გამოცხადებული ნდობისათვის და აღნიშნა, რომ მისი არჩევის შემთხვევაში, მომავალი ოთხი წელი ნდობის გამართლების, რეგიონის განვითარებისა და წინსვლის წელი იქნება.

თავის გამოსვლაში ზურაბ პატარაძემ რეგიონის პრიორიტეტებზე - ეკონომიკურ, ინფრასტრუქტურულ, ახალ საინვესტიციო, სოფლის-მეურნეობის, განათლების, კულტურისა და სპორტის, მოსახლეობის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მიმართულებით დაგეგმილ პროექტებზე გაამახვილა ყურადღება, ისაუბრა აჭარის მაღალმთიანეთის განვითარების, მათ შორის გაზიფიცირების, საკურორტო და საგზაო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის პროექტებსა და განვითარების პერსეპქტივებზე, მიმდინარე და დაგეგმილ კონკრეტულ პროგრამებზე, რომელთა განხორციელებაც მოსახლეობის კეთილდღეობაზე სასიკეთოდ აისახება.

მთავრობის თავმჯდომარეობის კანდიდატმა დეპუტატებს ბათუმსა და ქობულეთში დაგეგმილ პროექტებზე, მათ შორის ბათუმის შემოსასვლელში ახალი ესტაკადისა და საფეხბურთო სტადიონის მშენებლობის, ძველი და ახალი ბულვარის განვითარების, ნაპირსამაგრი სამუშაოების, ტურიზმის სხვადასხვა სახეობის განვითარების მხრივ დაგეგმილ პროგრამებსა და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე მიაწოდა ინფორმაცია.

-დარწმუნებული ვარ, მომდევნო ოთხი წელი ძალზე კონსტრუქციული და ნაყოფიერი იქნება. მზად ვარ ვითანამშრომლო როგორც პოზიციასთან, ისე ოპოზიციასთან, არასამთავრობო სექტორთან, მედიასთან. თუკი ნდობას დავიმსახურებ, მზად ვარ, კვლავ წარვსდგე თქვენს წინაშე. იმედი მაქვს, ერთად ბევრ სასიკეთო საქმეს გავაკეთებთ ჩვენი რეგიონისა და მისი მოსახლეობისთვის,- განაცხადა ზურაბ პატარაძემ და აქვე აღნიშნა, რომ სამოქმედო პროგრამასთან დაკავშირებული უფრო ვრცელი და დეტალური მოხსენებით ის საკანონმდებლო ორგანოს სხდომაზე წარსდგება, რომელიც, სავარაუდოდ, ორშაბათისთვის გაიმართება.

საპროგრამო გამოსვლის შემდეგ მთავრობის თავმჯდომარეობის კანდიდატი თითქმის ერთი საათის განმავლობაში პასუხობდა დეპუტატთა შეკითხვებს, რომლებიც მის სამოქმედო გეგმას, სოფლის-მეურნეობის ცალკეულ დარგებს, ბოტანიკურ ბაღს, ნაგავსაყრელს, გაზიფიცირებას, აჭარაში მშენებარე ჰესებსა და მოსახლეობის კომპენსაციებს, ჰიპოთეკარებსა და ე.წ. „ოცნების“ ქალაქს, მიწის რეფორმასა და სხვა მნიშვნელოვან საკითხებს შეეხებოდა.

დასკვნით სიტყვაში მთავრობის თავმჯდომარის თანამდებობაზე წარდგენილმა ზურაბ პატარაძემ იმედი გამოთქვა, რომ ერთობლივი ძალებით რეგიონისა და მისი მოსახლეობისთვის ბევრი სასიკეთო საქმე გაკეთდება. უმაღლესი საბჭოს კომისიებმა მხარი დაუჭირეს მისი კანდიდატურის უმაღლესი საბჭოს სხდომაზე განხილვის საკითხს.

კენჭისყრაში არ მონაწილეობდნენ ოპოზიციის წარმომადგენლები.

2 დეკემბერსვე ზურაბ პატარაძე სამოქმედო პროგრამით საკანონმდებლო ორგანოს ოთხივე ფრაქციის წარმომადგენლების წინაშე წარსდგა.