12 ნოემბერი

    „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2019 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესახებ“ კანონის პროექტი და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2019-2022 წლების პრიორიტეტები  განიხილეს აჭარის უმაღლესი საბჭოს საკონსტიტუციო, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, რომელსაც ამავე კომიტეტის თავმჯდომარე ნინო ჩხეტია უძღვებოდა.

     საკითხი სხდომაზე რეგიონის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა ჯაბა ფუტკარაძემ წარმოადგინა. მისი განცხადებით, მომავალი წლის ბიუჯეტის შემოსულობები 11.6 მილიონი ლარით იზრდება, რაც 4,3 %-ით მეტია 2018 წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე. მომავალ წელს  მცირდება ადმინისტრაციული ხარჯები, აკუმულირებული თანხები კი მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელებაზე დაიხარჯება. პროექტის თანახმად, იზრდება ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის, ინფრასტრუქტურული და სხვა პროგრამების დაფინანსება. რაც შეეხება პრიორიტეტებს, პროექტის თანახმად, მცირე მთავრობის კონცეფციისა და ინკლუზიური ეკონომიკის ზრდა, გამართული ინფრასტრუქტურის შექმნა, მაღალმთიანი აჭარის განვითარება, სოციალური და სხვა მნიშვნელოვანი მიმართულებების მხარდაჭერაა აქტუალური.

   მომხსენებელმა უპასუხა კანონმდებლების შეკითხვებს. კომიტეტმა მხარი დაუჭირა საკითხის უმაღლესი საბჭოს სხდომაზე გატანას.

    კომიტეტის წევრებმა ცნობად მიიღეს  აჭარის 2018 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის სამი კვარტლის შესრულების მიმოხილვა, რომელიც ასევე ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა ჯაბა ფუტკარაძემ წარმოადგინა.

   სხდომაზე პირველი მოსმენით განიხილეს  „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ კანონის პროექტი. აჭარის მთავრობის აპარატის იურიდიული და ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის უფროსის ოთარ დიასამიძის მიერ წარმოადგენილი საკითხი, კომიტეტის გადაწყვეტილებით, პირველი მოსმენით უმაღლესი საბჭოს  სხდომაზე განიხილება.

   სხდომას აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის მოადგილე არჩილ ვანაძე ესწრებოდა.