01 დეკემბერი

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საკონსტიტუციო, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომისიის 1 დეკემბრის სხდომაზე, რომელსაც ამავე კომისიის თავმჯდომარე ნინო ჩხეტია უძღვებოდა, დღის წესრიგით გათვალისწინებული სამი საკითხი განიხილეს.

საკონსტიტუციო, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომისიის თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობაზე ნინო ჩხეტიამ დავით ბაციკაძის კანდიდატურა წარადგინა.

ფარულ კენჭისყრაში მონაწილეობაზე უარი განაცხადა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა პეტრე ზამბახიძემ, სხდომაზე დამსწრე დანარჩენმა 4-მა დეპუტატმა კი წარმოდგენილ კანდიდატურას დაუჭირა მხარი.

კანონმდებლებმა ერთხმად მიიღეს კომისიის თავმჯდომარის მიერ საკონსტიტუციო, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომისიის დებულების შემუშავების შესახებ წარმოდგენილი საკითხი.

დღის წესრიგის ბოლო საკითხად კომისიის წევრებმა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრის სტატუსთან შეუთავსებლობა განიხილეს და ერთხმად გადაწყვიტეს, რომ შესაბამისი წერილები ახლად არჩეული საკანონმდებლო ორგანოს ყველა წევრს გადაეგზავნება. კანონმდებლებს, რომლებიც უმაღლესი საბჭოს წევრის სტატუსისთვის შეუთავსებელ საქმიანობას ეწევიან (ასეთის არსებობის შემთხვევაში), 10 დღის ვადა აქვთ ამ საქმიანობის შესაწყვეტად.